ყაზბეგის ჰესებზე ექსკურსია მოეწყო

29 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის და ონის ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მოეწყო პირველი ექსკურსია ყაზბეგში მოქმედ ჰიდროელექტროსდგურებზე.
მოსწავლეებმა და ონის მოსახლეობის დაინტერესებულმა პირებმა „დარიალიჰესი“, „ყაზბეგიჰესი“ და „ლარსიჰესი“ მოინახულეს. ექსკურსიის მიზანი იყო ენერგეტიკის სფეროს უკეთ გაცნობა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, რომელსაც კომპანია „ფერი“ მასპინძლობს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამივე ჰიდროელექტროსადგური, სათავე ნაგებობები, მოისმინეს მათი მშენებლობის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკაზე და ჰიდროელექტროსადგურების როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში. მსგავსი ტიპის ექსკურსიები საერთაშორისო პრაქტიკაა და ჰიდრორესურსებით მდიდარ ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია.

108 მეგავატი სიმძლავრის „დარიალიჰესი“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშენებული სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგურია, ის 19-მეგავატიან „ლარსიჰესთან“ და 6-მეგავატიან „ყაზბეგიჰესთან“ ერთად წლიურად დაახლოებით 640 მილიონ კვტ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს და აწვდის საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას.