დარიალში 2 კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 132 -კმ 135 მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში, 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დასრულდა. ამ დროისთვის, დარიალის გვირაბი უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.

1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის გადაკვეთის ადგილას აშენდა. დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის განმეორების რისკი საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, წყდებოდა სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია.

გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდა არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.

გვირაბის გახსნას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი.