მტკვარი ჰესზე გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

22 თებერვალი 2020

„მტკვარი ჰესზე“ 9.6 კმ-ის სიგრძის გვირაბის ექსკავაცია (ამოღება) დასრულდა. იგი Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბია. მისი ექსკავაციის დიამეტრი ექვსი მეტრია.
გვირაბის ამოღების სამუშაოების დასრულებით, ჰესის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია (გადაყვანა) მოხდება „მტკვარი ჰესის“ სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება.

„მტკვარი ჰესის პროექტი სათავეს იღებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავის სიახლოვეს, მდინარე მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობიდან, რომელიც თავს უყრის სისტემურ ნაგებობებს მათ შორის: ფსკერულ წყალსაგდებს, თევზსავალს, კაშხალს და წყალმიმღებს. პროექტის შემდგომი ნაწილია სადერივაციო გვირაბი - რომელიც აკავშირებს ჰესის სათავე ნაგებობას ჰესის შენობასთან. ჰესის შენობა აღჭურვილია ფრენსისის ტიპის ორი ტურბინით და გამყვანი არხით - საიდანაც ჰესში შემავალი წყალი, სოფელი ზიკილიას მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ მდინარე მტკვარის კალაპოტს უბრუნდება“, აცხადებენ ჰესის ადმინისტრაციაში.

„მტკვარი ჰესის“ ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. რაც 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 157 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

„მტკვარი ჰესის“ ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი. პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF ჩონსულტინგ Eნგინეერს, თუნნელცონსულტ და Uკრჰყდროპროჯეცტ. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Hერრენკნეცჰტ AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Vოიტჰ Hყდრო მიერაა წარმოებული.

„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ გაჩერებული პროექტი იყო. აქტიური სამუშაოები 2014 წელს განახლდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ჰესის 100%-იანი წილი შეისყიდა.