ონის ჰესების კასკადის მემორანდუმის ხელმოწერა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა კომპანია ფერისთან, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. კასკადი მოიცავს 2 ჰესს: "ონი 1" და "ონი 2". საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აღნიშნულ პროექტში არის კომპანია "ფერის" პარტნიორი და "ონი 1"-ის 10 პროცენტიანი წილის მფლობელი. პროექტის განმახოციელებელია ქართული კომპანია სს "ონი კასკადი".

ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მილიონი ამერიკული დოლარია. ჯამური დადგმული სიმძლავრე 206.1 მგვტ-ია (ონი ჰესი 1 -122.4 მგვტ, ონი ჰესი 2 - 83,7 მგვტ), ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 780 მლნ კვტ.სთ. ჰესების კასკადის მშენებლობის პერიოდი 4-5 წლით განისაზღვრა.

“მსურს კიდევ ერთხელ გავაჟღერო ჩვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, პრიორიტეტული სწრაფვა, რომ საქართველოში ბიზნესი გახდეს მაქსიმალურად თავისუფალი, მოტივირებული და მონაწილე ქვეყნის გაძლიერებაში. წარმატებული ბიზნეს პროექტები, პროგრესის და საერთო დოვლათის შექმნის საწინდარია.

ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და უცხოური ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა სექტორში. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ენერგო სექტორს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს ხდის ინვესტორებისათვის. ქვეყნაში დაგეგმილია ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება, ამიტომ სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციების მოზიდვას. დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი მაგალითია!” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ონის კასკადის ჯამური გამომუშავებული ენერგია საქართველოს დღევანდელი ენერგომოხმარების 6%-ს შეადგენს. უდიდესი ენერგეტიკული მნიშვნელობის გარდა, ამ პროექტის განხორციელებას ასევე დიდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დატვირთვაც გააჩნია. ყოველწლიური გადასახადი, ქვეყნის და ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში, ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებისას, 8 მილიონ ლარს გაუტოლდება. ამავე დროს, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 400 ადგილობრივი მოსახლე. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან მუდმივად დასაქმდება 150 ადგილობრივი მაცხოვრებელი. პროექტის ფარგლებში მოხდება ონის ინფრასტურუქტურის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, სხვადასხვა სოციალური პროექტის წამოწყება და შემდგომი განვითარება”, – განაცხადა კომპანია "ფერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა.