კობი - გუდაურის საბაგირო გზა გაიხსნა

19 იანვარი 2019

დღეს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კილომეტრზე მეტია და ის საათში 2,800 მგზავრს მოემსახურება. საბაგიროს გარშემო  სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. 

კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა 3 ხაზისგან შედგება და 111 გონდოლიანია. საბაგირო 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. პრემიერმინისტრის განმარტებით, ახალი საბაგირო პროექტი ტურისტული მიზნების გარდა დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს გადაადგილების უსაფრთხო საშუალება იქნება. 

„ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი-გუდაურის საავტომობილო გზა. დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

დაახლოებით 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ქართულმა კომპანიამ „ფერი“ და ფრანგულმა კომპანიამ „პომამ” განახორციელეს. საბაგირო გზის მშენებლობაზე 300 ადამიანი და 60-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობდა.